მწერალთა სახლში საღამოების ჩატარება ფასიანი გახდება – გადაწყვეტილებას მწერლები აპროტესტებენ

მწერალთა სახლის ადმინისტრაციამ საღამოების ჩატარება ფასიანი გახადა, კერძოდ, საღამოს ჩატარებისთვის ხელოვანმა 100 ლარი უნდა გადაიხადოს. ინფორმაციის გადასამოწმებლად „კვირა“ დაუკავშირდა მწერალთა სახლის მენეჯერს ნატა ლომოურს და ინტერვიუ სთხოვა:

– ქალბატონო ნატა, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის ფაქტი, რომ მწერალთა სახლში საღამოს ჩატარება ფასიანი გახდება?
– ამ ინფორმაციას გიდასტურებთ, მაგრამ საინტერესოა, ჯერ არ გაგვიხმაურებია და თქვენ საიდან გაიგეთ? მართალია, ეს ახალი წესი ივნისიდან შევა ძალაში, ანუ 1 ივნისიდან ჩვენთან საღამოების ჩატარება ფასიანი გახდება. ეს ცვლილება იმიტომ შემოვიღეთ, რომ ძალიან ძვირი გვიჯდება ამ სახლის შენახვა, მარტო კომუნალური გადასახადებისთვის 3000 ლარს ვიხდით.
– ქალბატონო ნატა, ეს ცვლილება ყველას შეეხება, თუ გამონაკლისსაც დაუშვებთ?
– დიახ, გამონაკლისს დავუშვებთ იმ გამომცემლობებისთვის, რომლებიც საღამო-ღონისძიებებს ჩვენთან ყველაზე ხშირად ატარებენ. მათთვის ჩვენ გარკვეულ ფასდაკლებას დავუშვებთ…
– და რომელი გამომცემლობებია ასეთი?
– ესენია გამომცემლობები: „დიოგენე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „საუნჯე“, „სიესტა“…

პოეტები უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს მწერალთა სახლის ფასიანი საღამოების გამართვის გადაწყვეტილებას. მათი განცხადებით, ის გამომცემლობები, რომლებიც შეღავათებს მიიღებენ, წინა მთავრობის დროს ფინანსდებოდნენ და სწორედ ამ პრინციპით შეარჩია დირექციამ ისინი. როგორც მწერლები„კვირასთან“ საუბარში აცხადებენ, ლომოური მწერლებს შეღავათებს პირადი სიმპათიის მიხედვით უწესებს. შეგახსენებთ, რომ ნატა ლომოური საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის  თანამდებობაზე ყოფილი კულტურის მინისტრის ნიკა რურუას დროს დაინიშნა.

– თუ ცოცხალი დავრჩი, მაგ გომბიოს თმებით გამოვათრევ მაქედან, მაგ რომ აწყობს ხოლმე ისეთ ღონისძიებას, რაც საერთოდ არ ეხება ასეთ სახლს, ბალი- შაურია, თუ რა ხდება? მათ რა უნდათ, რომ ჭეშმარიტი მწერლები დარჩნენ ამ სახლის და საღამოების გარეშე? მწერალთა სახლში ის თოფი, რომლითაც პაოლომ თავი მოიკლა, ჯერ არ გაციებულა… ამათ კი ფასიანი საღამოები მომინდომეს, ბარემ რესტორანი გახსნან და ესაა, – აცხადებს რეზო ამაშუკელი.

აღნიშნულ თემაზე „კვირა“ მწერალ ჯუბა ღებელსაც დაუკავშირდა:
– ჩემთვის პირადად გაუგებარია, რა პრინციპით ამოქმედდება ამ გამომცემლობების მიმართ გარკვეული შეღავათები, მოგეხსენებათ, რომ ბევრი მათგანი ყოფილი მთავრობის დროს კულტურის სამინისტროდან ფინანსდებოდა. ისინი, კი ვინც ქართული მწერლობის ბირთვს წარმოადგენს,- მწერალთა სასახლისა და, საერთოდ, სახელმწიფოს მიღმა იყვნენ დარჩენილნი. საინტერესოა, სად უნდა გამართონ მწერლებმა ღონისძიებები, თუ არა მწერალთა სახლში? კულტურის სამინისტრომ ადრე გამოაქვეყნა ხელოვანი ადამიანების, კერძოდ, მომღერლების „შავი სია“, არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთივე სია არსებობს მწერლების შემთხვევაშიც და ის დღესაც მოქმედებს, ანუ ხდება ქართველი მწერლების ბლოკირება.

ის გამომცემლობები კი, რომელთა მიმართაც დაშვებულია შეღავათები, ყოფილი კულტურის სამინისტროს მხრიდან ფინანსდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ეს პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მწერალთა სახლი მწერალთა კავშირს წაართვეს.
-ადრე ვინ მოიფიქრებდა ასეთ რამეს? ეგ კი არადა, მწერლებს ჰონორარებსაც გვიხდიდნენ წიგნებში, ახლა ჩვენ უნდა გადავიხადოთ, რომ წიგნი გამოვცეთ. ახალი მთავრობა რომ მოვიდა, რომელმაც, მართლაც, თავისუფლება მოიტანა. იმედია, ამ საქმესაც დადებითად გადაწყვეტენ, ანუ მწერლების სასარგებლოდ. ვიმეორებ, მწერალთა სახლი უნდა დაუბრუნდეს მწერლებს და მსგავსი საკითხი პრობლემად არ იქცევა,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მწერალთა სახლში პოეტებისა და მწერლებისთვის ღონისძიებები უფასოდ ტარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები