ეროვნულ ბიბლიოთეკაში მზია ხეთაგურის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
26 აპრილს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მზია ხეთაგურის პოეტური კრებულის – „უფლების უფლება“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად პოეტმა განუცხადა, ახალი კრებული დაყოფილია ციკლებად და, ძირითადად, მიძღვნით ლექსებს აერთიანებს.
„კრებულში მიძღვნითი ლექსებია ადამიანებისადმი, რომლებიც ჩემი ცხოვრების მანძილზე იყვნენ – ზოგი ცნობილი, ზოგი ნაკლებად, ზოგი ძალიან პოპულარული, ზოგი – ნაკლებად… თითოეულ მიძღვნით ობიექტს აქვს ჩემ მიერ წამძღვარებული წინასიტყვაობა, ანუ ჩემი სუბიექტური ხედვაც. კრებულში 200-მდე ადამიანისადმი მიძღვნილი ლექსი შევიდა“, – ამბობს მზია ხეთაგური.
წიგნში ცალკე ციკლს „მავთულხლართები“ ჰქვია და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს ეხმიანება.
კრებული „საარმა“ გამოსცა, რედაქტორია ეკა ბაქრაძე. წინასიტყვაობის ავტრები არიან: ლანა ღოღობერიძე, ამირან გომართელი.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი „ლიახვი“. შესრულდება მზია ხეთაგურის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.