დღეს „საქართველოს სინფონიეტას“ ზუგდიდი უმასპინძლებს

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს. პროექტი 16 აპრილს მცხეთაში დაიწყო, 23 აპრილიდან კი სტეფანწმინდაში განახლდა.
„საქართველოს სინფონიეტამ“ სტეფანწმინდის ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში გამართა კონცერტი, სადაც კამერულ ორკესტრთან ერთად საქართველოს რეგიონების სამუსიკო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 24 აპრილს კი, ორკესტრი და ბავშვები დუშეთს ეწვივნენ და ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში ჩაატარეს კონცერტი.
„აღსანიშნავია, რომ ორივე კონცერტის მსმენელი, ძირითადად, ბავშვები და ახალგაზრდა თაობა იყო, რაც ძალიან სასიხარულოა. ამ პროექტის მიზანიც ხომ სწორედ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა, და რაც მთავარია, ბავშვებში გაჩნდეს მოტივაცია, დაეუფლონ ამ ხელოვნებას. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ხშირად განხორციელდეს და ხშირად ჩატარდეს კლასიკური მუსიკის კონცერტები რეგიონებში, რასაც მეტად მონატრებულები და, უფრო მეტიც, მოკლებულები არიან, არადა, სურვილი ნამდვილად დიდია“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
დღეს, 25 აპრილს, „საქართველოს სინფონიეტა“ პატარა მუსიკოსებთან ერთად ზუგდიდს სტუმრობს.
კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდება. 26 აპრილს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს პროექტის მონაწილეებს. 27 აპრილს, პროექტი კახეთში, კერძოდ კი, თელავში გაგრძელდება. კონცერტებზე შესრულდება მოცარტის, ვივალდისა და ტელემანის ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები