ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გივი ჭიჭინაძის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი

“ვანისა და ხონში არჩევნები კარს არის მომდგარი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი, ასევე,  წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და დარწმუნებულნი ვართ, რომ  პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებლ გამარჯვებას”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიის თითოეულმა წევრმა და მხარდამჭერმა ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა შეძლო. მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა წინსვლას ყველა მიმართულებით აგრძელებს.

“მოგესალმებით ქუთათურებო, ძვირფასო პარტიის წევრებო, მხარდამჭერებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მოგესალმოთ თქვენ და მოგმართოთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი საქმიანობით, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებაში და, ასევე, ჩვენი პარტიის გაძლიერებაში და ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მიმართულებით შეიძლება ითქვას და, რა თქმა უნდა, ეს წინსვლა არის თითოეული თქვენგანის, პარტიის თითოეული წევრის დამსახურება. ჩვენ მოვახერხეთ და შევიტანეთ გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატიის განმტკიცება, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი კი ეკონომიკის განვითარებაა და ამ მიმართლებით, ბევრი რამ კეთდება.

„ ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ის და ამისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენი ხელისუფლების მიერ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენი პარტიის მიერ, ჩვენი ხელისუფლების მიერ.

“ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ საქართველოს გასულ წელს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გრძელდება ზრუნვა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.

„თქვენი დამსახურებით, ჩვენი პარტიის დამსახურებით ჩვენ ვაგრძელებთ საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის ზრუნვას, ჩვენ გვაქვს ბუნებრივია ძალიან სერიოზული გამოწვევები ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენი პოლიტიკა არის კარგად გააზრებული, ჩვენი პოლიტიკა არის პრაგმატული და სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დამსწრეებს 2 წლის წინ, რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის მიერ გაცემული დაპირებები შეახსენა და განაცხადა, რომ პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დაპირება პირნათლად შესრულდა.

„ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება. ასევე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, იმ დროისათვის, საერთოდ, დაკეტილიც კი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისების უმრავლესობა და ჩვენ ეს ამოცანები, რასაც ერქვა პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება, სათანადოდ, შევასრულეთ და ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება და ძალიან ღირსეული გამარჯვება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო საპარლამენტო გუნდის განახლება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლად მივიღეთ პირველად მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მაშინ მოგეხსენებათ იყო კოალიცია ჩამოყალიბებული და ის, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვმონაწილეობდით საპარლამენტო არჩევნებში გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. 2016 წლის არჩევნები იყო ერთგვარი შემდგომი საკვანძო ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. მოგეხსენებათ ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, სადაც ჩვენი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენდა რისკ ფაქტორს ქართული დემოკრატიისათვის და ჩვენ საბოლოოდ 2016 წლის არჩევნებში მოვახერხეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აღარ უქმნის, ვეღარ ქმნის საფრთხეს ქართული დემოკრატიისათვის და ჩვენი პარტიული სისტემა, პოლიტიკური სისტემა მიდის კონსოლიდაციის გზაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც.

„ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მათ შორის იმერეთის მხარეში ჩვენ მოვიგეთ დამაჯერებლად ყველა მერის არჩევნები, ასევე საკრებულოს არჩევნები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ახალი ენერგიით, ახალი სისხლით ვიშრომოთ იმისათვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ ჩვენ მოსახლეობას, თითოეული ჩვენი ქალაქის, თითოეული მუნიციპალიტეტის, რაიონის მოსახლეობას. ეს იყო ის დაპირებები, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომლებიც ჩვენ გავეცით 2 წლის წინა პარტიულ კონფერენციაზე და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირებები პირნათლად იქნა შესრულებული. ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე ზრუნვას.

ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება, ბატონი გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებლი და ჩვენ ასევე წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენ წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის სამომავლო გეგმზე საუბრისას, აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, პარტიაში რეფორმების მეორე ტალღა განხორციელდება და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის  პოლიტიკურ გაერთიანებად, „რომელიც აქტიურობს არა მხოლოდ არსებითად არჩევნების პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივ რეჟიმში არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პოლიტიკური პროცესების მართვაში”.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზეც. მისი თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

„გარდა წარმატებებისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ასევე ჩვენს გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ განვითარებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქისთვის.

დღემდე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული ცხოვრების პირობები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ  იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა და გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები.

ასევე, ჩვენ გვაქვს მისაღწევი ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები და აქაც საჭიროა ჩვენი ბრძოლა და შრომა იმისათვის, რომ ეს მიზნები იყოს მიღწეული.

ზოგადად, იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვაგრძოთ ჩვენი პარტიის გაძლიერების პროცესი, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველდღიური შრომა, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა, საჭიროა ჩვენი ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ჩვენ ყველა დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები