ბესიკ ჩიქვინიძის პერსონალური ფოტოგამოფენა – „მთების მითები“ გაიხსნება

24 აპრილს, 19:00 საათზე, გალერეა Black and White- ში ბესიკ ჩიქვინიძის პერსონალური ფოტოგამოფენა „მთების მითები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა 25- 26 აპრილის ჩათვლით გასტანს.
მოგზაური და მოყვარული ფოტოგრაფი ბესიკ ჩიქვინიძე პროფესიით მათემატიკოსია. იგი 18 წლიდან ფოტოგრაფიით არის გატაცებული და აქტიურად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. მისი სურვილია, რომ ყველას შეეძლოს იმ სილამაზის ნახვა, რაც მან საკუთარი თვალით ნახა.
12 წლის განმავლობაში, მის ფოტოობიექტივში საქართველოს ველური ბუნების უამრავი პანორამული და პეიზაჟის ჟანრის ფოტო აღიბეჭდა.
“მთების მითები” ბესიკ ჩიქვინიძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ორმოცდაათამდე რჩეული ფოტონამუშევარი.
წარმოდგენილი ფოტოები დამთვალიერებელს თვალწინ გადაუშლის საქართველოს ველური ბუნების უცნობ პეიზაჟებს. ეს გამოფენა ასევე მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას.
გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ფოტოების შეძენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები