ქართული კინოს წარმატება პეკინის კინოფესტივალზე

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. 10 მთავარი ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 პრიზი ერგო.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის კინოფესტივალის გრან-პრი ანა ურუშაძის ფილმს – ,,საშიში დედა” ხვდა წილად და ეს ჯილდო რეჟისორს თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა, ვონგ კარ ვაიმ გადასცა.
ამავე ფილმისთვის, საუკეთესო მსახიობ ქალად ნატო მურვანიძე აღიარეს, თუმცა მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და ჯილდო რეჟისორს გადაეცა.
საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მარიამ ხაჭვანს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ჯილდო მინდია ესაძემ მოიპოვა, ფილმისთვის “დედე”.
პეკინის კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და სახელის მოხვეჭა უკვე შეძლო. ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა, მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან.
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პეკინის კინოფესტივალზე თავი გასულ წელსაც ისახელეს და წლევანდელის მსგავსად, 10 მთავარი ჯილდოდან 4-ის მფლობელები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები