„საქართველოს სინფონიეტა“ Check in Georgia-ს ფარგლებში რეგიონებში კონცერტებს მართავს
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი გულისხმობს კონცერტების ჩატარებას საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის 7 ქალაქში: თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
პროექტი 16 აპრილს დაიწყო ქალაქ მცხეთაში, სადაც პირველად შესრულდა ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური შესრულებით. მცხეთელი მსმენელების წინაშე წარდგა „საქართველოს სინფონიეტა“ და გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე კრისტოფ მაიერი, რომელიც მსოფლიოში ძველი მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად არის აღიარებული. კონცერტზე შესრულდა იტალიური და ინგლისური ბაროკოს ეპოქის მუსიკა და გერმანელი დირიჟორი თითოეულ ნაწარმოებს წინასიტყვაობით აცნობდა მსმენელს, რამაც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება დაიმსახურა მსმენელებისგან.
მცხეთაში წარმატებული კონცერტის შემდეგ კამერული ორკესტრი თბილისს დაუბრუნდა და ახლა რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს მასპინძლობს, რომლებიც რეპეტიციებს გადიან ორკესტრთან ერთად და ემზადებიან მსმენელთან შესახვედრად.
პროექტი 23 აპრილს, განახლდება და მთელი კვირის განმავლობაში „საქართველოს სინფონიეტა“ ყოველდღე სხვადასხვა ქალაქს ესტუმრება. კონცერტები გაიმართება: 23 აპრილს, სტეფანწმინდაში, 24 აპრილს – დუშეთში, 25 აპრილს – ზუგდიდში, 26 აპრილს – ქუთაისში, 27 აპრილს – თელავში და 4 მაისს – რუსთავში.
კონცერტებზე შესრულდება როგორც ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა მუსიკა, ასევე მოცარტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია და ველით ყველას, ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს.