რას ყვება გათავისუფლების შემდეგ ოკუპანტების მიერ გატაცებული თამაზ ილურიძე
„ყოველთვის იქ ვაძოვებთ ხოლმე საქონელს, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა გაქცევა შეძლო. მე იარაღის მუქარით გამათრიეს და ჩამსვეს მანქანაში”,-ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების ე.წ. იზოლატორიდან გათავისუფლებულმა საქართველოს მოქალაქემ, თამაზ ილურიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
„ყოველთვის იქ ვაძოვებთ ხოლმე საქონელს, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა გაქცევა შეძლო. მე იარაღის მუქარით გამათრიეს და ჩამსვეს მანქანაში. ცხინვალში გადამიყვანეს. არ ვუცემივარ, თუმცა მემუქრებოდნენ, საზღვარი აღარ გადმოკვეთოო. ჯარიმა არ გადამიხდია, გამომიწერეს, თუმცა არ გადამიხდია“, – აცხადებს გათავისუფლებული თამაზ ილურიძე.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან, რუსმა სამხედროებმა, ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა. თამაზ ილურიძე კი დღეს გაათავისუფლეს.