„კოსმიური უშუალობაა გალაკტიონში” – რეზო (ემელიანე) ადამიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

21 აპრილს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში რეზო (ემელიანე) ადამიას პერსონალური გამოფენა – „კოსმიური უშუალობაა გალაკტიონში”, –  გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მხატვარმა განუცხადა, სულ 120 ნახატი გამოიფინება, აქედან 50 ახალი ნამუშევარია.
რეზო (ემელიანე) ადამია: „ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული და იდეა იყო გალაკტიონის გენია. ამიტომ თავდადებით ვიმუშავე თითქმის 4 წელზე მეტხანს. თითქმის ყველა ნამუშევარში არის კოსმიური თემა. გალაკტიონის აღქმა სხვანაირად ძნელია. რაღაც მკარნახობს, უდიდესი სიყვარული, რომელიც მოდის პოეტისგან და ღმერთისგან… აქ ყველგან მაინც ღმერთი მონაწილეობს“.
როგორც გალაკტიონის ძმისშვილი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე აღნიშნავდა, გალაკტიონი ყოველთვის იყო და რჩება ქართული პოეზიის, ქართული ხელოვნების და ფერწერის ობიექტად, მაგრამ სვამდა კითხვას: „ვინ როგორ აღიქვამს გალაკტიონს?  ბევრი კმაყოფილდება მხოლოდ პორტრეტული მსგავსებებით, ცალკეულ ხაზთა მინამგვანებით, ბატონმა რეზომ სულ სხვაგვარად დაინახა გალაკტიონი. იგი მხოლოდ გარეგნული იერით არ კმაყოფილდება, პორტრეტში სულს ეძებს, და არც ამით არ კმაყოფილდება, მას უნდა ახალი დეტალები, ახალი მხარეები, ახალი შთაგონებები ჰპოვოს“…

გამოფენა 30 აპრილამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები