მამუკა ბახტაძე: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით.

„გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მათ შორისაა, რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცედენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირაბების მშენებლობა ნატახტარი-ყაზბეგის და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით. სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამამ და ჩვენმა წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ერთ წელიწადში შემცირდა ფისკალური დეფიციტი 3 პროცენტზე ქვევით.  ”ეს არის ნიშნული, რომელიც არის ჯანსაღი, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში არის სტაბილური მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს, მის გუნდს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდი ასევე ჩვენი ეკონომიკური პროფილის სამინისტროების შესაბამის უწყებებს და ეროვნულ ბანკს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შრომისთვის, რაც იქნა გაწეული. ჩვენი და ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასებით, ის პროგრამა, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში”,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები