ირაკლი კობახიძე: კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია

2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ Freedom House-ის ანგარიშის შესახებ განაცხადა.
“გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე. 2004-12 წლებში სამივე საერთო ეროვნულ მაუწყებელზე – რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ბრეინვოშინგს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც, როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ „კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია”.
„იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სადაც ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით და ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24500 მიაღწია. 2012 წლის შემდეგ, სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან. რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და მოქალაქების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა, სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. ასევე, გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები