„მას ისევე გააცილებენ უკანასკნელ გზაზე, როგორც საქართველოში იციან – სიცოცხლეში მისაგებელს ახლა მიაგებენ“…

„მას ისევე გააცილებენ უკანასკნელ გზაზე, როგორც საქართველოში იციან – სიცოცხლეში მისაგებელს ახლა მიაგებენ. ახლა გაახსენდებათ, რომ თურმე რამდენი დიდოსტატური სახის შექმნა შეეძლო იმ იძულებითი 25-წლიანი პაუზის დროს“… – ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ლეილა აბაშიძის გამოსათხოვარ სტატუსს ,,მიჰქრის ხომალდი ძვირფასი მკვდრებით“ აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მას ისევე გააცილებენ უკანასკნელ გზაზე, როგორც საქართველოში იციან – სიცოცხლეში მისაგებელს ახლა მიაგებენ. ახლა გაახსენდებათ, რომ თურმე რამდენი დიდოსტატური სახის შექმნა შეეძლო იმ იძულებითი 25-წლიანი პაუზის დროს, რომ თურმე რამდენი შეუსრულებელი როლი დაიკარგა ვიღაც ჩინოვნიკების გამო და იმის გამოც, რომ ეს ქვეყანა ძალზე პატარაა, ასპარეზიც მცირეა და რა გინდ დიდი იყო, ხალასი ნიჭითა და იშვიათი, უზენაესის მიერ მომადლებული გარეგნობითა და სულიერი მოხდენილობით, მაინც ვერაფერს გახდები, ვერაფერს გააწყობ, რადგან ხელთ არ (თუ ვერ) გიპყრია მიზნის მისაღწევი ის საშულება, რასაც ასე ოსტატურად ფლობენ სხვები. იმ საშუალებაში კი მტრობა, შური, ქილიკი, ირონია და ათასი სიბილწე უფრო მეტია, ვიდრე ცინცხალი ნიჭის, განათლებულობის, სიყვარულის, თავდადების, უღალატობისა და სულიერების დიდი თუ მცირე ნიშან-თვისება.
სულერთია, სად დაკრძალავენ მას: პანთეონში თუ ჩვეულებრივ სასაფლაოზე, ცნობილი პიროვნებისა თუ დედის გვერდით, ანდერძით თუ მის გარეშე, სულის ბევრ ტკივილს გაიყოლებს თუ ცოტას… ყველა მაინც იქ მიდის, როცა არსთა გამრიგე ამას ინებებს.
აკაკი ბაქრაძე ერთ გამოსვლაში მრავალმნიშვნელოვნად ამბობდა: ,, ჩვენს ულამაზეს, ნიჭიერ კინომსახიობ ქალებს არ მიეცათ შესაძლებლობა, უფრო მეტი შეექმნათ და დაეტოვებინათ დიდებული სახეებიო”.
მგონია, რომ ის უფრო დიდი დიაპაზონის ტრაგიკოსი მსახიობი იყო. ფილმში ,,შეხვედრა წარსულთან” მთლიანად დაიხარჯა და შექმნა დიდებულად ნაძერწი სახე უბრალო ქალისა, რომლის თავზე რაღა არ დატრიალდა და იმ დილემიდან სუფთა გამოვიდა- იარებით, რომლებიც არ იკურნება!
და ბოლოს, ჟან კოკტოს დავესესხები (,,ცრუ თომადან”): ,,ეკლესიის მახლობლად მდებარე სასაფლაო ნაპირზე გამორიყულ გემს მაგონებს. შუაში თითქოს გადატეხილი ანძა აღუმართავთ. მთელი ეკიპაჟი ძილს მისცემია. ჯვარზე კი ჩვეულებრივი წარწერაა ამოკვეთილი”…
მურმან ლებანიძეც ხომ ამას გულისხმობდა და ამბობდა, ოღონდ ლექსად“… – წერს ნოდარ პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები