„აღდგომიდან ამაღლებამდე: სიუჟეტები ხელნაწერი მემკვიდრეობიდან“ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა გაიხსნება

13 აპრილს, 19:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა: „აღდგომიდან ამაღლებამდე – სიუჟეტები ხელნაწერი მემკვიდრეობიდან“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა მრავალფეროვანია შინაარსისა და ჟანრის მიხედვით: ბიბლიური ტექსტები, ისტორია, ლიტერატურა, ასტრონომია, ქიმია, გეოგრაფია, მუსიკის ისტორია და სხვ.
„ბიბლიურ ხელნაწერებს შორის გამოირჩევა სახარების ხელნაწერები, რომლებიც განსაკუთრებით მდიდრულადაა შემკული სიუჟეტური მინიატიურებით: XI-XIII სახარებების მინიატიურებში ასახულია ქრისტეს ცხოვრების სიუჟეტები.
სწორედ აქედან მომდინარეობს იდეა, რომ უკვე ტრადიციად ქცეულ მუსიკალურ ფესტივალთან „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თანამშრომლობით მომზადდეს ფოტოგამოფენა „აღდგომიდან ამაღლებამდე“, სადაც ფოტორეპროდუქციების სახით იქნება წარმოდგენლი ოქრომელნითა და ფურცლოვანი ოქროთი შესრულებული უნიკალური სიუჟეტური მინიატიურები აღდგომიდან ამაღლებამდე“, -აღნიშნავენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
საკონცერტო სივრცეებში (რუსთაველის თეატრი, სახელმწიფო კონსერვატორია, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, მწერალთა სახლი, ქუთაისის ოპერის თეატრი, ბათუმის მუსიკალური ცენტრი და თელავის სახელმწიფო თეატრი) დაგეგმილი ფოტოგამოფენების გარდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ შემსრულებლებს უმასპინძლებს გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება, ერთი მხრივ, სიუჟეტური ციკლის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ შემცველი უნიკალური ხელნაწერების, ხოლო, მეორე მხრივ, უძველესი მუსიკალური ნიშნების შემცველი ხელნაწერების ორიგინალები.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენების პროგრამა:

• 13 აპრილი . საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 19.00
• 14 აპრილი – თბილისი. რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი, 19.00
• 17 აპრილი – თბილისი. ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცე, 15.00
• 19 აპრილი – თბილისი. „მუსიკის ენით მოთხრობილი ზღაპრები“. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 16.00
• 27 აპრილი – თბილისი. მწერალთა სახლი, 18.00
• 3 მაისი – თელავი. ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო დრამატული თეატრი, 18:00
• 7 მაისი – თბილისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი, 19:00
• 10 მაისი – ქუთაისი – ოპერის თეატრი, 18:00
• 11 მაისი – ბათუმი – სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, 18:00
• 17 მაისი – თბილისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი, 19:00

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები