ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე, ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ფოლკლორის ცენტრმა პრესკონფერენციას უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ექვსი თბილისური ანსამბლი -“ადილეი”, “ანჩისხატი”, “დიდგორი”, “იალონი”, “ნანინა” და “შავნაბადა”. ისინი საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავენ.
კონცერტებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს Check in Georgia-ს პროექტს. 2018 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს.
წლევანდელი Check in Georgia საქართველოს დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ყველა კუთხე უმასპინძლებს.