მამაკაცს, რომელმაც თელავში პატარა შვილების თანდასწრებით, ეჭვიანობის გამო ცოლი დაჭრა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-ელი დეკემბრის განაჩენი და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს, დილის საათებში, ქ.თელავში ფ.ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლეს ხ.ა-ს, დედის და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ხ.ა-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ფ.ი. იმავე დღეს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ფ.ი-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები