ილია მეორე: „მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია“…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლედან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც პატრიარქი აწყურის ტაძრის რესტავრაციაზე საუბრობს:

„მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად”, – აღნიშნავს პატრიარქი.
აწყურში ისტორიული ძეგლის მასშტაბური რესტავრაცია უკვე სამი წელია მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადი კიდევ სჭირდება.
ტაძრის აღდგენაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებითა და საპატრიარქოს არქიტექტორ – რესტავრატორებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს.
აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამხრეთ საქართველოში. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩენილა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ- არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
ამჟამად, ძეგლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც არქიტექტურული, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით. ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა მონაკვეთები. ტაძრის 2/3 დანგრეულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები