„სოციუმის პატიმარმა” ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, რატი წითელაძის დოკუმენტური ფილმი “სოციუმის პატიმარი” ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია. ფილმმა ნომინაცია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში მიიღო.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “სოციუმის პატიმარი” საქართველო-ლატვიის კოპროდუქციაა, რომელზეც რატი წითელაძემ ნინო ვარსიმაშვილთან (პროდიუსერი) ერთად იმუშავა.
ავტორების თქმით, ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.
ერთი თვის წინ “სოციუმის პატიმარი” ფინეთში, Tampere Film Festival-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
გარკვეულწილად ამ გამარჯვებამ განაპირობა ევროპის კინოაკადემიის ნომინაცია, რადგან წელს Tampere Film Festival ერთ-ერთი ის ფესტივალი იყო, რომელთანაც ევროპულმა კინოაკადემიამ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმების შესარჩევად ითანამშრომლა.
აღსანიშნავია, რომ Tampere Film Festival-ს „ოსკარის“ კვალიფიკაცია აქვს, შესაბამისად ამ ფესტივალზე გამარჯვებული ფილმი ავტომატურად იღებს ამავე სტატუსს და „ოსკარის 2019“ წლის ცერემონიისთვის მოკლემეტრაჟინი ფილმების სელექციის პროცესში მონაწილეობის უფლებას.
ევროპული კინოაკადემიის 31-ე დაჯილდოების ცერემონია 15 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაიმართება.