ნატო ჩხეიძე: საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმის ნაცვლად, გლოვით აღნიშნავს

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილს აღინიშნოს. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
„გაივლის ეს რამდენიმე დღე, აღდგომა მოვა მართლმადიდებელ ქვეყნებში და საქართველოს ქრისტიან მოსახლეობას მივულოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, თუმცა აღდგომამდე გოლგოთის გზაა და ქვეყნებიც და ადამიანებიც ასეთი მონაცვლეობით ცხოვრობენ – ტანჯვა და შვება, უკუნი და სინათლე, ტყუილი და სინამდვილე, ფალსიფიკაცია და ჭეშმარიტება. გაივლის ეს რამდენიმე დღე და საქართველოში კალენდარულად დადგება 9 რიცხვი, 9 აპრილი და ხელისუფლება, საზოგადოება, ერი და ბერი, ქალი თუ კაცი, ჭკვიანი თუ სულელი, ლოთი თუ პირაკრული, ყველა, სევდიანი სახით და განცდით, სანთლებით ხელში და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთ და მორჩა. ესაა სულ, რაც ამ დღეს საერო ცხოვრებაში დაგეგმილად მოხდება. არადა, ეს დღე ყველაზე დიდი საერო დღესასწაული უნდა იყოს ქვეყნის ცხოვრებაში – დამოუკიდებლობის დღე.
და რა ღვთის წყრომაა ჩვენს თავზე – ჩვენ ვსევდიანობთ, ვდარდობთ და ვგლოვობთ. დიახ, კოლეგებო, საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, რომელიც თავის დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმის ნაცვლად, გლოვით აღნიშნავს… რა ისტორიულმა პერიპეტიებმა და რომელი ხელისუფალის ერთპიროვნულმა ნებამ განაპირობა 9 აპრილს მხოლოდ გლოვა და დღესასწაულად კი ერთ-ერთი ისტორიული თარიღი – ყველამ ვიცით და გვახსოვს. ის ხელისუფალი აღარ არის, ის ვითარებაც წარსულს ჩაბარდა და ჩვენ რაღა გვიშლის ხელს, რომ ისტორიული და კონსტიტუციური სამართლიანობა აღვადგინოთ და ინერციით არ ვიაროთ? ინერციით სიარული ხომ ქვეყნის ყველ საქმეში რეგრესია, წარუმატებლობაა, პრობლემის ვერ დანახვა ან გულგრილობაა, რასაც ბუნებრივად თან სდევს საზოგადოების უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა.
სამართლიანობის აღდგენა რთული პროცესიაო, „ოცნება“ გვიმტკიცებს. კარგი, დაგეთანხმებით, მაგრამ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენას ახლა რაღა სირთულე ახლავს? სირთულე კი არა და, მოვალენი ვართ, კონსტიტუციური ჩანაწერი დავიცვათ და აღვასრულოთ. რაც უნდა ბევრი რამ ვცვალოთ კონსტიტუციაში, მისი პირველი მუხლი არ შეიცვლება – დამოუკიდებლობის დღე – 1991 წლის 9 აპრილი.
დიახ, კოლეგებო, გლოვა დღესასწაულად შეიცვალა ჯერ კიდევ 27 წლის წინათ, ისევე, როგორც მაგალითად, საფრანგეთში, ბასტილიის აღების დღე მას შემდეგ დამოუკიდებლობის დღეა და გმირების პატივისცემასთან ერთად დღესასწაულობენ ამ დღეს. ჩვენ კი მარტო ვგლოვობთ და ვგლოვობთ. ჩვენც უნდა შევცვალოთ გლოვა სიხარულით, უსამართლობა – სიმართლით და კონსტიტუციური ჩანაწერის აღსრულებით. იქნებ, ეს დიდი ცვლილება ახლა რა დიდი ცვლილებების საწყისი გახდეს, იქნებ, ამ სიმართლის აღდგენამ სხვა რა სამართლიანობები მოაყოლოს, იქნებ, ხალხის სიდუხჭირეც შეიცვალოს დოვლათით, გლოვა – სიხარულით.
მოვალენი ვართ სამართლის აღდგენის, მოვალენი ვართ ფალსიფიკაციის შეცვლის, მოვალენი ვართ 26 მაისი ისტორიას მივაკუთვნოთ და საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილს აღვნიშნოთ. ეს მომავალში აუცილებლად მოხდება, მაგრამ მე ვისურვებდი (ვერავის მოვუწოდებ და ვერავის ვურჩევ), მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს ჩვენვე აღვასრულოთ, ჩვენვე დავიწყოთ ზრუნვა და ჩვენვე დავუდოთ სათავე დიდ და სასიკეთო ცვლილებებს,“ – განაცხადა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები