გამოფენა – „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ დასრულდა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ დასრულდა.
როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, გამოფენა 2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით 21 360-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა გამოფენის თანმხლები ლექციები, გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისათვის, ვიქტორინა სპეციალურად მუზეუმის ფეისბუქმეგობრებისთვის.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) მიერ სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული ექვსი გრაფიკული ნამუშევარი ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან.
„მთელი წლის განმავლობაში ჩვენს დამთვალიერებელს არაერთი სიახლე ელოდება, საქართველოს ეროვნული მუზეუმი კვლავ უმასპინძლებს შედევრებს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების კოლექციებიდან. გვადევნეთ თვალი!“ – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები