სოციალური საწარმოების წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

4-7 აპრილს,  „გუდვილის“ დიდი დიღმის ჰიპერმარკეტში, სოციალური საწარმოების სადღესასწაულო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაში, რომელსაც ევროპის ფონდი და სოციალურ საწარმოთა ალიანსი, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მხარდაჭერით მართავს, მონაწილეობას სოციალური საწარმოები მიიღებენ.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება სოციალური საწარმოების მიერ ნაწარმოები სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ხელნაკეთი ნივთები. მომხმარებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ქართული ღვინო „გრემი“ მინარევების გარეშე, სვანური მარილი „ზესხო“, დაწნული კალათები, თეფშები და სხვა პროდუქცია „წნულისგან“; ასევე კომპანია „კოდალას“ მიერ შექმნილი ხის სააღდგომო სუვენირები და „ბაბალეს“ სააღდგომო სერია – ხელნაკეთი ნივთები.
„გამოფენაზე წარმოდგენილი სოციალური საწარმოების პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შეესაბამება სურსათის უვნებლობის საქართველოში არსებულ სტანდარტებს. ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ პროდუქცია 7 აპრილის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლება. გარდა ამისა, ამ პროდუქტების შეძენით მომხმარებლები წვლილს შეიტანენ სოციალური სარგებლის შექმნაში.
ევროპის ფონდი სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე 2009 წლიდან მუშაობს. სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, სექტორებს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითების შესაქმნელად, ფონდი ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. ეს გამოფენა-გაყიდვაც მსგავსი თანამშრომლობის მაგალითია. ღონისძიების მიზანი სოციალური მეწარმეობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ წვლილის შესახებ, რომელიც სოციალურ საწარმოებს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში შეაქვთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები