ყვარლის იუსტიციის სახლში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული დოკუმენტები გამოიფინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ყვარლის იუსტიციის სახლში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული დოკუმენტები გამოფინა.
ექსპოზიცია მოიცავს წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.).
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორიცაა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.
2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის შემდეგ, ექსპოზიციამ ყვარელში გადაინაცვლა და დამთვალიერებელს მისი ნახვა ორი კვირის განმავლობაში შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები