შემზარავი ძალადობის დეტალები – რას ყვება 13 წლის მოზარდის ბებია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან 13 წლის ბავშვზე იძალადა. როგორც ბავშვის ოჯახის წევრი აცხადებს, დამნაშავეს ბავშვი ლიფტში ჰყავდა დაჭერილი, მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანს თვალებიდან სისხლი სდიოდა.
“სისხლიანი იყო ბავშვი, თვალებზე აფარებული ჰქონდა ხელები და სახეზე სისხლი ჰქონდა. სკოლიდან მოდიოდა ბავშვი, ვკვდები ბებო, მშვიდობითო, მეძახდა. დაბრმავებული ბავშვი ხელებში ჩამივარდა. დამნაშავე დაიჭირეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ლიფტში დაუჭერია და ლიფტი გაუჩერებია, ბავშვი 13 წლისაა, მერვე კლასშია, ტვინის შერყევა აქვს, ოღონდაც დაბრმავებული არ იყოს, თვალებიდან სისხლი სდიოდა”, – აცხადებს მოზარდის ბებია ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.
როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა აღნიშნა, ბავშვს მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებული აქვს და კლინიკური ტვინის შერყევა აღენიშნება.
“კონტაქტურია ბავშვი, ამჟამად უტარდება კვლევები. აღენიშნება ტვინის შერყევის კლინიკური ნიშნები. მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებულია, კვლევების შემდეგ გადაწყდება პაციენტი მოთავსდება ჩვენთან თუ გადავა თვალის სპეციალიზებულ კლინიკაში”, – აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.