აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტს უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტი უწოდა.
„ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით, ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე. განვიხილავთ ამ საკითხსაც, ცხადია, რომ საქართველო ამ საკითხს დააყენებს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს. ვერ გავაკეთებ კომენტარს, – აწამეს თუ მოკლეს, ოსური მხარე წარმოადგენს თავის ხედვას და დასკვნასაც გამოვიტანთ,“- განაცხადა დაურ კოვემ.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებაზე ყველა მხარემ უნდა იმუშაოს.
„მთავარი საკითხი ზეპირი განცხადების მიღებაა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასე რომ, შევხედავთ, მხარეები რამდენად მზად იქნებიან ტექსტის განსახილველად. იქ ორი მხარე – საქართველო და რუსეთი არ არის. ეს არასწორი მიდგომაა. განცხადების მონაწილე მხარეები არიან საქართველოც, რუსეთიც, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ჯერ საჭიროა, ზეპირად მივიღოთ განცხადება ყველა მხარემ,“- განაცხადა დაურ კოვემ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში მოლაპარაკებები პირველ და მეორე ჯგუფებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე ცოტა ხნის წინ დაიწყო.