შს მინისტრი: ტატუნაშვილი მოკლულია- ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანა გამოძიებაა

არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა. მან ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ კი გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა.
“მთვარია, რომ ჩვენ ოჯახს გვერდით ვედგეთ მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, მთავრობაც, თითოეული მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს გვერდით ამოუდგეს. გამიძიება მიმდინარეობს. ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები