თეა წულუკიანი: მინდა ყველას მივულოცო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება

იუსტიციის მინისტრი კონსტიტუციის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადავიდა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იქნება უფრო მაღალი ხარისხით ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე.
მან კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესახებ ისაუბრა, რომელიც საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ნოვაციებს ეხება და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა.
„მინდა ყველას მივულოცო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება. სრულფასოვნად გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იქნება უფრო მაღალი ხარისხით ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებულია.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ ტექსტში დავაფიქსირეთ ისეთი სიახლეები როგორიც არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა კანონის წინაშე; ბავშვთა საუკეთესო ინტერესს; შშმ პირთა უფლებების დაცვა უფრო მაღალი ხარისხით და სხვა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ორი რამ. კერძოდ, საპროკურორო საბჭო ხდება კონსტიტუციური ორგანო, მთავარი პროკურორი უფრო მაღალი ხარისხით იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და ის რომ ადვოკატის როლი არის გაძლიერებული ამ კონსტიტუციით.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ვენეციის კომისიამ, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის დაუსაბუთებელი კრიტიკისა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მე-18 მუხლში შეტანილი საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ნოვაციები და ცვლილებები დადებითად შეაფასა და ამ კონსტიტუციასთან ერთად ახალი მე-18 მუხლიც შევა ძალაში, რაც გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანას ინფორმაციის თავისუფლების აქტისკენ”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები