ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში 2-დღიანი ვიზიტი დაასრულა.
ბელარუსის პრეზიდენტი და სამთავრობო დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააცილა.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტისას ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისა და საქართველო-ბელარუსის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გრძელვადიან სტრატეგიას და პრინციპებს განსაზღვრავს.
“ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებაში“ აღნიშნულია, რომ ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას – სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
ასევე, ბელარუსის რესპუბლიკა და საქართველო ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ადასტურებენ ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
“ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის განმავლობაში, ამ დრომდე, ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები