ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, პოლიციელის უფლებამოსილება გაიზრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და თანმდევი კანონპროექტების პაკეტი განიხილეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითებასთან დაკავშირებით კანონისმიერი ვალდებულების შემოღება, ასევე, პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება.
„კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებთან, ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის კიდევ მეტად დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით. ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა.”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მთავარი პროკურორის 2017 წლის 19 ივლისის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს – 1066, 2016 წელს – 1356, ხოლო 2017 წელს – 1986 პირის მიმართ.
„საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა ცხადჰყოფს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.”, -აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მასში იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვებისა თუ აკრძალვების მითითება პოლიციელის უფლებამოსილებაა.
„ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება”, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე ასევე წარმოადგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა” და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებები.
მისი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ უწყებებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის ჩაბმას პროსტიტუციაში, მათ შორის, იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, ზოგიერთ შემთხვევაში კი არასრულწლოვანთა ხელშეწყობას, ჩაებან პროსტიტუციაში. „კანონპროექტის მიზანია, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევა, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენცია, აგრეთვე შესაბამის დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია”, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების პლენარულ სხდომაზე გატანას.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით.” როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო წინადადებაში მიზანი დაუსაბუთებელია. მასში წარმოდგენილ რიგ საკითხებზე კი კომიტეტს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. შესაბამისად, აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას უარი ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები