„კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას“

„დღეს დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„აღნიშნული რეფორმით, ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და აუმჯობესებს ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე. ეს არის სისტემა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას კონსტიტუციურ ორგანოებს შორის. ასევე, ოპოზიციის როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიებს. ასევე, უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკეთეს მოწესრიგებას საპარლამენტო მმართველობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად.

და რაც მთავარია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას. საპარლამენტო მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ტოვებს ავტოკრატიის ან ხელისუფლების მითვისების არავითარ შესაძლებლობას, რაც არის საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი  მიღწევა.

მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს – საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, რომელთა მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღებას, რომელიც საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას ძალია მყარ საფუძველს ჩაუყრის”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები  პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, 115  ხმით, ერთხმად  მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები