პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი – უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესმა საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია.
ზაზა შათირიშვილი უმრავლესობის კვოტით, 103 ხმით დაამტკიცეს (8 – წინააღმდეგი), რაც შეეხება ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას, ის 101 ხმით (5 – წინააღმდეგი) აირჩიეს.
უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას  მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ზვიად დევდარიანის კანდიდატურასაც (3-მომხრე, 45-წინააღმდეგი).
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტში შესაბამისი განცხადება არ შესულა, რის გამოც დევდარიანის კანდიდატურა კენჭისყრაზე დადგა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი რჩება.
„არჩეულია ორი კანდიდატი.  ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი.  ისინი უფლებამოსილებას შეუდგებიან 2018 წლის 18 აპრილიდან. რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრებს და სახალხო დამცველს, მათ შეუძლიათ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები