“რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებზე“

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და გუშინ, სოფელ აძვის ტერიტორიიდან, საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების ფაქტებზე საუბრით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს ელჩებს მკაცრი დ მტკიცე შეფასების გაკეთებისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის  თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებში მუდმივად ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე.

დელეგაციასთან შეხვედრისას, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და სამდივნოს თანამშრომელი, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსირონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებთან და იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას უნდა აქცევდეს ამ ვითარებას და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მისი მოგვარებისა და დაძლევის საკითხებში.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო რეფორმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები