ქეთევან ციხელაშვილი: აძვის ორი მკვიდრის დაკავება მორიგი უკანონო ქმედებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპანტების მიერ, სოფელ აძვის ორი მკვიდრის დაკავება მორიგი უკანონო ქმედებაა, რომლის წინააღმდეგაც არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არის მიმართული.
 
მინისტრის თქმით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მათი რაც შეიძლება სწრაფად გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
 
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანები დაკავებულ იქნენ საკუთარ სოფელში, საკუთარ კარ-მიდამოში, სალოცავთან ახლოს. ჩვენთვის ცნობილია ეს ინფორმაცია, ამიტომ ეს არის უკანონო დაკავება, მორიგი ფაქტი, მსგავსი იმისა, რომელიც სამწუხაროდ, არაერთხელ განხორციელებულა 2008 წლის შემდეგ, პირველ რიგში, ადგილობრივების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ კარ-მიდამოში იმყოფებიან, საკუთარ სოფელში გადაადგილდებიან, სალოცავში მიდიან და სხვადასხვა სასიცოცხლო საჭიროებისთვის მოძრაობენ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
 
ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი გუშინ გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები