ირაკლი კობახიძე: გარემოს დაცვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რომლის განხორციელებაში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული

„გარემოს დაცვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ის ამოცანა, რომლის განხორციელებაში თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკო კეცხოველის პრემიის „ 2018 – აღმოაჩინე საქართველოს” ფინალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საამაყოა, რომ საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„ამ საქმეს საქართველოს პარლამენტში უძღვება კახა კუჭავა, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ფართო შესაძლებლობები და ჩვენ ვართ ამაყი იმით, რომ საქართველოს პარლამენტს შეაქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში გარემოს დაცვის უზრუნველყოფაში, რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, უზრუნველვყოთ მომავალი თაობებისთვის სუფთა გარემოში ცხოვრება. საჭიროა თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ამ საქმეში და ჩვენ გვაქვს თქვენი ძალიან დიდი იმედი,”-მიმართა ირაკლი კობახიძემ ღონისძიების მონაწილეებს.

ნიკო კეცხოველის კონკურსი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა” ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. 2018 წელს კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან დარეგისტრირებული 700 სკოლიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა, ხოლო ფინალისთვის 29 სკოლა შეირჩა.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატვების” შესახებ პრეზენტაციები წარმოადინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან, 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

ფინალურ ღონისძიებაზე, დღესვე, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ სკოლას, პარლამენტის სახელით სიმბოლური საჩუქარი, 5 უნიკალური ჯიშის ხე გადაეცა. ფინალში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გადასცა.

ნიკო კეცხოველის პრემია 2018, პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში”, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები