ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ეგიდით, პირველი “არასამთავრობოთა პარტნიორობის სამიტი” გაიმართება

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) ეგიდით, 23 მარტს 15:00 საათზე, ქ.თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების საკონფერენციო სივრცეში (აღმაშენებლის 89/24; მე-6 სართული), პირველი ,,არასამთავრობოთა პარტნიორობის სამიტი“ გაიმართება, რომლის ძირითადი მიზანიც ერთმანეთისთვის უცხო ორგანიზაციების დაკავშირება და პოტენციურ თანამშრომლობათა განხილვაა. მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად დაეთმობათ დრო, საკუთარი ა(ა)იპ-ებისა და პროექტების ან/და ხედვების პრეზენტაციისთვის.
სამიტის პარტნიორები არიან: ,,საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირა“, ,,კემბრიჯის განათლების სახლი“, ავტოსკოლა ,,ლიდერი“, სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,სისაიდი“ (SeaSide), სარეკლამო საწარმო ,,პრომოლაბი“.
მოწვეულ სტუმრებს შორის ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორი კახა აბულაძე იქნება.
როგორც ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი აცხადებს, აღნიშნული სამიტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთგვარი პლატფორმა გახდება. მისივე განმარტებით, დელეგატები ერთმანეთის საქმიანობას გაეცნობიან და საერთო ინტერესების გამონახვა მოხდება.
“აღნიშნული სამიტი გახდება განვითარების ერთგვარი პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. დელეგატები გაეცნობიან ერთმანეთის საქმიანობას, მოხდება საერთო ინტერესების გამონახვა და რაც ყველაზე მთავარია, თანამშრომლობის პროცესი ახალი პროექტებისა და წამოწყებების ერთ-ერთი სტიმულატორია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ერთობლივი ძალებით დამუშავებული პროექტები გაცილებით მაღალ ხარისხსა და სანდოობას უზრუნველყოფენ, რაც პოტენციურ დონორებთან ურთიერთობისას, გადამწყვეტ როლს თამაშობს.
აქვე ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პარტნიორებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო წინადადებებს სთავაზობენ სამიტის წევრ ორგანიზაციებს საწყის ეტაპზევე, რამაც დაგვარწმუნა, რომ შემდეგში, ერთობლივი ძალებით, გაცილებით მეტი მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გაფორმება შეიძლება ყველა სახის კომპანიასთან.
გვაქვს სხვა სასაჩუქრე შეთავაზებებიც ჩვენი ცენტრის სახელით, ასე რომ, ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ დრომდე ვერ მივაწვდინეთ ხმა, შეუძლიათ საძიებო სისტემებში მოგვძებნონ და დარჩენილ დროში მოასწრონ რეგისტრაციის გავლა სამიტზე დასასწრებად ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: center2015.icd@gmail.com “- აცხადებს ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები