ლიკა ყაზბეგმა სააგენტოში რებრენდინგი განახორციელა – რა გეგმები აქვს დიზაინერს

დიზაინერი ლიკა ყაზბეგი 22 წელია რაც ქართულ სამოდელო სფეროში მოღვაწეობს. სააგენტოს სახელწოდება მოგეხსენებათ მისივე სახელითა და გვარით განისაზღვება. მისი გვარი – ყაზბეგი იმდენად იშვიათი, დასამახსოვრებელი და ეფექტურია, ჩანაფიქრმა გაამართლა და უკვე ორი ათეული წელია ლიკა ყაზბეგი პოპულარობას არ კარგავს. ძნელია მის ხელში გამოზრდილ ცნობილ სახეებს, მოდელებს, ტელეწამყვანებს უყურო და მის შემოქმედებით პოტენციალში ეჭვი შეიტანო. აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე „კვირა“ ლიკა ყაზბეგს ესაუბრა:
დავიწყოთ სააგენტო „ლიკა ყაზბეგის“ პირვანდელი სახეებით… მოგვიყევით
თავდაპირველად მყავდა უფროსი თაობის გოგონები, ძალიან ბევრი მათგანისთვის გამიკეთებია კარიერა, ფაქტობრივად მე ვიყავი არამხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელი, არამედ ვიყავი მათი პიარ-მენეჯერი, ძალიან ბევრი დავაყენე ფეხზე, დღე არ გავა ჩემი რომელიმე მოსწავლე არ ვიხილო ტელევიზიით, ზოგი წამყვანია, ზოგი დიდ სცენაზე დგას..
მათ შორის არიან თიკა ფაცაცია, ანუკი არეშიძე, ნინა სუბლატი, მარკუს მეტრეველი,ნინო ჩქარეული,

 რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მოდელი იყო საქართველოში, და ახლა უკვე ამერიკაში მოღვაწეობს…

-რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს გოგონა იმისათვის, რომ გახდეს პროფესიონალი მოდელი?
პირველ რიგში სიმაღლე. რამდენი გოგო ვიცი, რომლებმაც სწორედ სიმაღლის გამო ვერ აიწყვეს კარიერა. ამის გამო ძალიან მწყდებოდა გული. მაგრამ გავიცანი ქალბატონი რიტა ხვადაგიანი, რომელიც ცნობილი მეცნიერისა და ექიმის, ანატოლი პალკოს ნათესავია. ამ ქალბატონმა ჩამოიტანა საქართველოში პალკოს მეთოდი, რომელის უკვე 15 წელია თბილისში არსებობს და არამარტო თბილისში. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ სიმაღლე აღარ არის მოდელებისთვის უკანდახევის მიზეზი.
-რა მეთოდით იზრდებიან პალკოს სიმაღლეში ზრდის ცენტრში? სპეციალური ვარჯიშებია?


დიახ, ეს არის იოგას სტილის ვარჯიშები, აგრეთვე სპეციალური ტრენაჟორები, რომელიც ააქტიურებს და ზრდის ჰორმონებს. ასევე უმჯობესდება ტანდეგობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გოგონასთვის. არ არის აუცილებელი მოდელი იყოს.
როგორც ვიცი ამჟამად ბავშვებსაც ამზადებთ…
კი, მიმართულება ცოტა შევცვალე. ბავშვები ყოველთვის მყავდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია გადავწყვიტე, ბავშვებს უფრო მეტი დრო დავუთმო. მყავს პატარების ჯგუფი 4-დან 12 წლამდე, 13 წლის ზევით კი უკვე დიდების ჯგუფში დადიან.


-ლიკა ყაზბეგის ანა-ბანა… როგორ იწყებთ ბავშვებთან ურთიერთობას?
ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად მიყვარს, რომ ქორეოგრაფიც კი არ მყავს სხვა. ამ ფუფუნებას რასაც ჰქვია ბავშვთან ურთიერთობა სხვას ვერ მივცემ, მინდა რომ ეს კომფორტი მე მქონდეს, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და თუ რამე კარგად შემიძლია ამ ცხოვრებაში ერთ-ერთი ეს არის, ვარ მოდელების ქორეოგრაფი. იყო ერთი ბიჭი, რომელმაც ერევანში დაამთავრა შვეიცარიელების მიერ დაარსებული აკადემია, ის ადამიანი იყო ჩემი მასწავლებელი. ძალიან გამიმართლა. იმდენად ვუფრთხილდები მე ჩემს ცოდნას, რომ როდესაც ჩემს სააგენტოში ტელევიზია მოდის, არ ვაძლევ საშუალებას, რომ ოპერატორმა მთელი გაკვეთილი გადაიღოს, იმიტომ რომ რაც ფასეული და დეფიციტურია, ვუფრთხილდები.
– „კომპანიის სახეს“ რაც შეეხება, რას გულისხმობს ეს პროექტი და ვის ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს..
ეს არის უახლოესი პროექტი, რომელსაც აპრილის ბოლოს ვგეგმავ. თავიდან „პიარმენეჯერების ჩვენება“ დავარქვი, ახლა როგორც „კომპანიის სახე“ ჰქვია, ისე „ბიზნესჩვენება“. თავიდან, ვფიქრობდი რომ საინტერესო იქნებოდა პიარმენეჯერებს წარმოედგინათ როგორც საკუთარი თავი, ასევე კომპანია პოდიუმზე. მე ამით მათ კრეატიული სიტუაცია შევთავაზე პოდიუმის სახით. ეს არის სრულიად განსხვავებული ფორმატი. ეს არის გზა, დეფილე, პოდიუმი, სადაც წარადგენ საკუთარ კომპანიას და თუ როგორ წარადგენს ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, სრულ თავისუფლებას ვაძლევ, იყოს თავისი თავის რეჟისორი, დიზაინერი, მსახიობი… შემდეგ კომპანიის დირექტორებმაც

 გამოთქვეს სურვილი და სახელი „პიარმენეჯერის ჩვენება“ შეიცვალა ასე „კომპანიის სახე – ბიზნესჩვენება“. ყველაზე მეტად ეს პროექტი მომწონს. ორჯერ მაქვს ჩატარებული, თბილისაა და ბათუმში და ეს არის რიგით მესამე. ჩვენებას გახსნიან პატარა საქმოსნები, ანუ ჩემი მოდელები. მინდა აღვნიშნო, რომ დიდ უპირატესობას ქართულ კომპანიებს მივანიჭებ.
-პატარა მოდელები ახსენეთ, ახლა რამდენი ბავშვი გყავთ სააგენტოში?
ახლა მყავს 20-მდე ბავშვი. რებრენდინგი განვახორციელე, გადასახადიც შევცვალე, რომელიც არის მიზერული და ხელმისაწვდომი. ჩვენ გვყავს ისეთი ბავშვებიც, რომლებიც სააგენტოში სრულიად უსასყიდლოდ დადიან. ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე არის ეს, რომ მე ყოველთვის მყავს სააგენტოში რამდენიმე ბავშვი, ძირითადად სოციალურად დაუცველი, რომელიც გადასახდს არ იხდის. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი არასდროს იყო მაღალი, მაინც შევამცირე რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
მშობლებმა იციან, რომ როდესაც ბავშვი მოჰყავთ ჩემთან, ის შეიცვლება და აუცილებლად დადებითისკენ. ადრე თუ მხოლოდ ტანსაცმლისა და გარეგნობის წარმოჩენაზე იყო აქცენტი, ახლა უკვე საკუთარი თავის პრეზენტაციას ვასწავლით და არამარტო პოდიუმზე. დამწყები მოდელისთვის ფსიქოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები