საკრებულოში მინსკის საქალაქო საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს წევრები ბელარუსის დედაქალაქ მინსკის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს სერგეი ხილმანს შეხვდნენ. შეხვედრას ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოს უმრავლესობის წევრები თამარ ტალიაშვილი, თინათინ ნიბლოშვილი, გიორგი ბირბიჩაძე და ირაკლი ზარქუა დაესწრნენ.

„ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა დიდი ხანია გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ უფრო გაღრმავდება. მინსკი ძალიან დიდი და განვითარებული ქალაქია და თქვენი გამოცდილების გაზიარებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა შეხვედრაზე ბექა დავითულიანმა.

სერგეი ხილმანმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისის საკრებულოს დელეგაცია მინსკში მიიწვია, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. სერგეი ხილმანის თქმით, ის საქართველოში პირველადაა და თბილისის და მცხეთის სიძველეების და ისტორიული ძეგლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აგვისტოში თბილისის დელეგაცია მინსკს ეწვევა, სადაც „თბილისური დღეები“ გაიმართება.

„თბილისი კულტურის და ცივილიზაციის უძველესი ძეგლია. მინსკი მხოლოდ 950 წლისაა. თქვენი ისტორიული ძეგლებით აღფრთოვანებული ვარ,“- განაცხადა ხილმანმა.

შეხვედრაზე სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის დელეგაციის მინსკში ვიზიტის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბელარუსის დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი მიენიჭება, მინსკის სახელი კი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქმევა. მისივე თქმით, ამ საკითხზე თბილისის საკრებულო მუშაობს.

მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსს შორის, ასევე თბილისსა და მინსკს შორის  ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა დეპუტატებმა და ბელარუსმა სტუმარმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები