„სითი პარკის“ იურისტი: თბილისის მერი შეცდომაშია შეყვანილი

„სითი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი.
მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის ორი დავა მიმდინარეობს. მერიისგან „სითი პარკს“ მიღებული აქვს ორი განკარგულება, რაც გასაჩივრებული იქნა კომპანიის მიერ სასამართლოში. პირველ განკარგულებასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე მოსმენა, შემდეგი მოსმენა ჩანიშნულია 26 მარტს 12:00 საათზე.
რაც შეეხება მეორე განკარგულებას, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას გააჩნია, კერძოდ, გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სითი პარკის“ საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამარლოს.
„რაც შეეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სავარაუდოდ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან მერიას სასამართლოსგან მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი მოსმენა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ბატონ მერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია,“ – განმარტავს „სი-ტი პარკის“ ნანუკა ავალიანი
შეგახსენებთ, კომპანია “სითი პარკი” თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით “სი-ტი პარკის” ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის:”არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. როცა მათ შეიტანეს სარჩელი, არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები