თბილისის საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ბაღების აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა.

თბილისის N36-ე ბაგა-ბაღში დაუნის სინდრომის მქონე აღსაზრდელს თანატოლებმა განსაკუთრებული დღე აჩუქეს – გამართეს სპორტული შეჯიბრი და შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძეც დაესწრო.

დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით სტუმრებს თბილისის N113 საჯარო ბაღმაც უმასპინძლა, სადაც მცირე მუსიკალური წარმოდგენაც გაიმართა. საბავშვო ბაღის ეზოში ასევე, მოეწყო ბაღის აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძეც დაესწრო. სტუმრებმა პატარების მიერ გამომცხვარი ორცხობილები დააგემოვნეს.

„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა და აღსაზრდელებისთვის თანაბარი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, თბილისის მასშტაბით ყველა ბაღში მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და საკმაოდ კარგი შედეგებით. ბოლო მონაცემებით, თბილისის ბაღებში 785 განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს”, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლებისა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, აღსაზრდელებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ აქტივობათა კვირეული სააღმზრდელო პროგრამითაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები