კახა მაღრაძე და გიორგი ონიანი ზვიად დევდარიანის საქმეზე ბოდიშს იხდიან

სიდა-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი კახა მაღრაძე, რომელიც ასევე კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენელია, ზვიად დევდარიანთან დაკავშირებულ სკანდალზე განმარტებას აკეთებს.
„ვიღაცებმა დაწერეს, რომ “ჯეპრა” ზვიად დევდარიანის ანტიკრიზისულ ჯგუფს მართავდა და კამპანიას აკეთებდა და ამასაც მინდა გამოვეხმაურო. “ჯეპრა” არაფერ შუაში იყო, მე ვედექი მას გვერდით ბოლომდე და ვცდილობდი, რომ მისი კარიერის დასასრული ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო მისთვის და ოჯახისთვის. მეგონა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ გუშინ, ალბათ ყველაზე ბოლოს, მეც გავიგე სიმართლე, რაც თან პირადად მე მეხებოდა. ამიტომ, ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც გაგაცანით, როგორც ჩემი მეგობარი და როგორც კარგი ადამიანი!
ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც არ გისმენდით ამდენი წელი და გეუბნებოდით, არ მიაქციოთ ყურადღება, მასეთი ტიპია-მეთქი! ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო დღეებშიც ვუმტკიცებდი მექალთანეა, მაგრამ მოძალადე არაა-მეთქი! ბოდიშს ვუხდი “სიდელებს“, რომ თავის დროზე არ მივხედე ამ ამბავს. მაგრამ არა უშავს, ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!“ – წერს კახა მაღრაძე „ფეისბუქში“ და „ჯეპრას“ წარმომადგენელ სოსო გალუმაშვილს მიმართავს: „მგონი, შენც ბოდიში უნდა მოიხადო იმ პოსტის გამო. ზვიადმა შენც მოგატყუა!“.
ამასთან, ამავე თემაზე „ფეისბუქში“ წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
„მართლა შოკირებული და განადგურებული ვარ და მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას, ვისაც რამენაირად შეეხო ჩემი წინა, როგორც ირკვევა, არაადეკვატური პოსტები. სიტყვა „ვწუხვარ“ ბოლომდე ვერ გამოხატავს იმას, რისი თქმაც მინდა. ვისთვისაც მეგობრობა და მეგობრის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია იმედია, გამიგებთ რა მამოძრავებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულწრფელ ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც ეს შეგეხოთ.
ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად გული მერევა მათზე ვინც იცოდა ეს ყველაფერი და სცადა ამის თავისი პირადი თუ მოპოლიტიკურო ღვარძლის ამონთხევის საშუალებად გამოყენება – ასეთ მომენტში და ესეთ საკითხზე ამისთვის რომ გცალიათ და ესე ბინძურად იყენებთ მხოლოდ თქვენს მორალურ სახეზე მეტყველებს“, – წერს გიორგი ონიანი.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, სიდა-ს დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები