მამუკა სალუქვაძე გენგეგმაზე: თუ მერია მას არ მოიწონებს, ისევ ამ ქაოსში ვიცხოვრებთ

“ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ტერიტორიებზეა საუბარი. არის აუცილებლად გარკვეულ სტრატეგიებზე ლაპარაკი. ეს არის ის, რაც ჩვენ დავინახეთ. გენგეგმა არის ზოგადი სახის სტრატეგიული დოკუმენტი, შემდეგ უკვე კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს”,-ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეტროს ახალი ხაზის “ისთ ფოინთიდან” ლილოს გავლით გაკეთების პერსპექტივა არსებობს, რომელსაც კვლევა სჭირდება. მისივე თქმით, მიწისზედა მეტრო შედარებით იაფი ჯდება.
“მეტროს ახალი ხაზი “ისთ ფოინთიდან” ლილოს გავლით, რუსთავისა და გარდაბნის ტერიტორიის ნაწილის განვითარებას გულისხმობს. აქ არის მიწისზედა მეტროზე ლაპარაკი, რომელიც შედარებით იაფი ჯდება. ამის პერსპექტივა არსებობს, უბრალოდ, კვლევა სჭირდება, რაც შემდგომი ეტაპის სამუშაოა. ვფიქრობ, რომ მიწისზედა მეტროს ვარიანტის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელია,”- განაცხადა სალუქვაძემ.
მან ახალ საბაგირო გზის გაკეთებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის ზღვის და შავნაბადას მიმართულებით აღნიშნულის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ამ საკითხზე მერიის მხრიდან პასუხს ელოდებიან.
“ძალიან ბევრი საბაგიროა თბილისში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ფრანგული კომპანიის, რომელმაც იმუშავა თბილისის მერიის დაკვეთით და ეს ასახულია გენგეგმაშიც. ამასთან, საბაგიროები არა მარტო ტურისტული კუთხით, ასევე გადაადგილების მშვენიერი საშუალებაცაა, ეკოლოგიურად სუფთა. 28 მარტისთვის ველოდებით ჩვენს შეთავაზებებზე პასუხს”, – აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, თუ თბილისის მერია “სითი ინსტიტუტის” მიერ, შემუშავებულ გეგმას არ მოიწონებს, ქალაქი კვლავ ქაოსურ მდგომარეობაში იქნება.
“ისევ ამ ქაოსში ვიცხოვრებთ, ისევ იმ გაუგებარ სიტუაციაში, როცა ნებისმიერ ადგილას გარკვეული შენობები შეზღუდვების გარეშე ჩნდება. არსებობს ადგილები, სადაც ადამიანებს გარკვეული უბედურება შეიძლება დაემართოთ, მაგრამ მაინც გაცემულია ნაკვეთები და შემდეგ ნებართვებსაც აიღებენ. ეს უჩვეულო ჩვენთვის არ არის”, – განაცხადა სალუქვაძემ.
შეგახსნებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, “სითი ინსტიტუტი საქართველო” თბილისის მერიას მეტროს ახალი ხაზის განვითარებას, 10-მდე ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდის, 3 ჩქაროსნული სატრანსპორტო დერეფნისა და 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას, ასევე მტკვრის სანაპიროზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების გაშენებას სთავაზობს.
ყოველივე ეს, მერიას უკვე წარდგენილი აქვს და მისი საექსპერტო შეფასება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები