საკრებულოს წევრები პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ ადმინისტრაციას შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვივნენ. საკრებულოს წევრები კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სასწავლო პროცესს გაეცნენ, რის შემდეგ საკრებულოს წევრებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კოლეჯის ადმინისტრაციამ საკრებულოს წარმომადგენლებს კოლეჯის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანაში დახმარება სთხოვა. გიორგი ტყემალაძემ კოლეჯის სასწავლო პროცესი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო კოლეჯის ადმინისტრაციას ამ მიმართულებით მაქსიმალურად დაეხმარება. კერძოდ, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოქალაქეებთან შეხვედრებზე კოლეჯის ფუნქციონირების შესახებ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. შედეგად, შესაძლებელი იქნება, პროფესიული განათლება მეტმა ადამიანმა მიიღოს, ბიზნესს კი მეტი პროფესიონალი კადრი ეყოლება. ამასთან, როგორც კოლეჯის ადმინისტრაციამ აღნიშნა, „სპექტრს“ საქართველოს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური ურთიერთობა აქვს და კოლეჯის კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილს ასაქმებს.

კოლეჯ „სპექტრის“ მისია არის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოამზადოს მაღალი რანგის სპეციალისტები და შექმნას პირობები მათი დასაქმებისათვის. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკისა და საგანმანათლებლო ხარისხის მქონე პირს, ვინც დაასრულა სულ მცირე 9 კლასი და საბაზისო განათლება მიიღო. სწავლება სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები