“ჩერნოვეცკის” ფონდი: ერთად მივულოცოთ აღდგომის დღესასწაული მარტოხელა ხანდაზმულებს

მათ არავინ ახარებს აღდგომას, არავინ მიულოცავს და მათთვის ეს უდიდესი დღესასწაულიც ერთი ჩვეულებრივი დღესავით ჩაივლის, მარტოობასა და ტკივილში. ახლოვდება წელიწადის ყველაზე ნათელი დღე – აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

უკვე კეთილ ტრადიციად იქცა ამ უდიდესი დღესასწაულის შესახვედრად საქველმოქმედო აქციის გამართვა იმ ხანდაზმული ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც საჭიროებენ თანადგომას, ზრუნვასა და სიყვარულს!

აღდგომა –  უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი, ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს დიდი სიხარული ყოველ წელს გავუზიაროთ ჩვენს ახლობლებს, თანამოძმეებს და საერთოდ, ყველა ქრისტიანს!

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ მარტოხელა ბენეფიციარებს, რომლებზეც “ჩერნოვეცკის” ფონდი ზრუნავს არ აქვთ საშუალება ხელდამშვენებულნი შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს, როგორც ამას აკეთებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ ადამიანებს პენსია და სოციალური შემწეობა არ ჰყოფნით ელემენტარულ საკვებსა და მედიკამენტებზე, რომ არაფერი ვთქვათ სააღდგომო სუფრის ატრიბუტებზე.

დიახ, სამწუხაროა, როდესაც მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ბებო ან ბაბუ აღდგომას ხვდება  პასკის და წითელი კვერცხის გარეშე, და რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ტრადიციული მილოცვის გარეშე – „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!“

მეგობრებო, თქვენ არაერთხელ გაგიწვდიათ დახმარების ხელი ჩვენი ბენეფიციარებისთვის,  არაერთხელ ყოფილხართ „მფარველი ანგელოზის“ როლში და ბევრი სიხარული მიგინიჭებიათ მათთვის…. იქნება ეს საშობაო დღესასწაული თუ დაბადების დღე, 8 მარტი თუ 26 მაისი!

ღრმად გვჯერა, რომ ეს ადამიანები არც ამჯერად დარჩებიან თქვენი ყურადღების და მხარდაჭერის გარეშე, მითუმეტეს, რომ აღდგომა არის ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი დღესასწაული!

ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანია მარტოხელა ბენეფიციარებისთვის სააღდგომო ნობათის შესაძენად თანხის შეგროვება!!! ძალიან გვინდა, რომ ამ ნათელ დღეს მათ არ მოაკლდეს პასკა და წითელი კვერცხი, ხილი და ტკბილეული, ზეთი და ბურღულეული…

ყურადღება!!! სააღდგომო ნობათი ერთი ადამიანისთვის სულ რაღაც 10 ლარი ჯდება! დაგვეთანხმებით, ეს არ არის დიდი თანხა, მისი გაღება ხომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია?!

ჩვენი აქცია არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც საზოგადოების მხრიდან სასწრაფო დახმარებას, ყურადღებასა და თანადგომას საჭიროებენ!

მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მუდამ მზად ხართ აჩუქოთ ჩვენს მარტოხელა მოხუცებს სიხარული. ჩვენ ისიც ვიცით, რომ თქვენი სიყვარულით აღსავსე გულები კვლავაც დაეხმარებიან მათ და მისცემენ საშუალებას ღირსეულად შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ ჩვენს აქციას,  თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სააღდგომო ნობათი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან. 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები