არჩილ თალაკვაძე: ტატუნაშვილის საკითხი არის, სადაც უმრავლესობასა და უმცირესობას საკამათო არაფერი აქვთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია განიხილეს, რომელიც კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა.

„მინდა მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს რეზოლუციის ინიცირებისა და მისი განხილვის პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის. ასევე, ყველა კოლეგას განხილვებში აქტიური ჩართულობისთვის. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ არის გადმოსვენებული მის ოჯახში, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა და ძალისხმევისა, რასაც ეხმიანება წარმოდგენილი რეზოლუცია. დოკუმენტი ასახავს ფაქტების ქრონიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის უხეში დარღვევასთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. მისასალმებელია, რომ  კონსულტაციების შედეგად, რეზოლუციის ტექსტში ასახულ პრინციპული საკითხებზე შეჯერება მოხდა”, – აღნიშნა სხდომის დაწყებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე აღნიშნა, სპეციალური რეზოლუცია ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ასევე, ყველაზე მძიმე დანაშაულს –  ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რაც მის შესაძლებლობებში იყო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა გააკეთეს ძალიან ობიექტური და მკვეთრი განცხადებები, მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული საკუთარ ოჯახში და ჯერ კიდევ არ ეძლევა ოჯახს საშუალება რომ მიწას მიაბაროს გარდაცვლილი წევრი. შეუძლებელია, ამ ფაქტს იმაზე მკაცრი შეფასებები მიეცეს ვიდრე უკვე გაკეთდა. ამ რეზოლუციაში ასახულია მკაცრი შეფასებები ამ ფაქტთან და ადამიანის უფლებების ყველა იმ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, რეზოლუციაში ასევე, არის კონკრეტული მოთხოვნები მათ შორის, გამოძიების წარმოება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

„ეს არის ადამიანის უფლებების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და ეს არის სპეციალური სიის ფორმირება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმისა, რათა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და  მსჯავრდებული პირების მიმართ დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა კოლეგას, რომლებმაც პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს არის ის საკითხი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას საკამათო არაფერი აქვს.

„დღეს ჩვენ ვართ იმ პარლამენტში, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული  მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი განვითარების სიმბოლოა. სიტყვა, რომელიც უნდა ითქვას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, არის პარლამენტის ის სიტყვა, სადაც ორი განსხვავებული აზრი ვფიქრობთ, არ შეიძლება ყოფილიყო. ამ სულისკვეთებით შედეგიანად დასრულდა ის კონსულტაციები, რომელიც რეზოლუციის ტექსტს ეხებოდა. მიმდინარე კვირაში გამართულ სესიაზე პარლამენტი მიიღებს ერთიან პრინციპულ რეზოლუციას. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ის შემოთავაზებები სადაც არგუმენტაცია იყო მყარი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ტექსტში იქნება ასახული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სულისკვეთება არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

„ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეულ ფაქტზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს ეხება ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული და მკაცრი პოზიცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წინადადებით გამოვიდა, აღნიშნულ რეზოლუციაში, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს.

„უპრიანი იქნება და საჭიროც არის ამ რეზოლუციაში გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის გვერდით, იყოს დავით ბაშარულის შემთხვევაც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, ის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც პასუხისმგებლობა ოკუპანტი სახელმწიფოსი, რომელიც არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე არის პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ასეთი ტიპის შემთხვევებზე, იქნება ეს მკვლელობები თუ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები არიან კონკრეტულად პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, ამიტომ მათ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მიცემული პასუხისგებაში.

„ევროპულ საქართველოს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამაზე ერთობლივი რეაგირება მოახდინოს. ამასთანავე, აჩვენოს რომ საქართველოს სახელმწიფო არის მზად ამ ადამიანებთან მიმართებაში კონკრეტული ზომები გაატაროს.   მისასალმებელია, რომ ამ რეზოლუციაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბრალდებული თუ მსჯავრდებული არიან კონკრეტულ დანაშაულებში, უნდა მოხვდნენ ამ სიაში. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ამ ადამიანების მიმართ დაწესდეს სანქციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ საკითხებთან მიმართებაში არ არის აზრთა სხვადასხვაობა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ იმ პრინციპულ საკითხში, რასაც „ოთხოზირია-ტატუნაშვილის”  სიის შედგენა და სანქციების დაწესება ჰქვია ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ამ სანქციების ლობირებაზე ერთიანი პოზიცია გვაქვს.

სალომე სამადაშვილმა კოლეგებს მოუწოდა რეზოლუციაში გათვალისწინებული  იქნას ის წინადადებები, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია.

„მოგიწოდებთ მივმართოთ საქართველოს მთავრობას, რათა დაიწყოს ევროკავშირთან კონსულტაციები, საქართველოსთან მიმართებაში  რუსეთზე სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით. ასევე, მოხდეს „აბაშიძე-კარასინის” მოლაპარაკებათა ფორმატის საფუძვლიანი გადახედვა, რათა მისი კონკრეტული მანდატი განისაზღვროს, რომელიც გახდება გამჭვირვალე და მოლაპარაკებები ინსტიტუციურ ჩარჩოში მოექცეს. ეს ორი საკითხი ჩვენთვის იქნება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განცხადებებს არა ერთი ჩვენი პარტნიორი, აშშ-ის ადმინისტრაცია, ელჩი და ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ამ განცხადებებში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები და ის ფორმატები, რომელსაც საქართველო იყენებს  კონფლიქტთან მიმართებაში ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული.   შესაბამისად რეზოლუციაში ვერ მოხვდება ამ საკითხების გათვალისწინება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საპასუხოდ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, დოკუმენტი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმდა არის ადეკვატური და სწორი პასუხი საქართველოს პარლამენტიდან.

„ის პოლიტიკურ შეფასებას აძლევს რუსეთს, როგორც ოკუპანტს და მის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში. ასევე, გვაძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ადამიანები რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში და სხვა მძიმე დანაშაულებებში – იყვნენ პასუხისმგებელნი საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის წინაშე. ამ ორ ამოცანას ეს რეზოლუცია პასუხობს”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

დეპუტატებმა სხდომაზე რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილების აუცილებლობაც აღნიშნეს. როგორც აღინიშნა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანამდე ტექნიკური ცვლილებების განხორციელებისთვის კონსულტაციები კვლავ გაიმართება.

„ჩვენ ზედმიწევნით განვახორციელეთ ის სულისკვეთება და გზავნილები, რომელიც თავიდანვე გაკეთდა როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან. მივესალმები, რომ პარლამენტს აქვს ერთიანი პრინციპული პოზიცია როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ეხება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები