„სითი პარკის“ მფლობელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

კომპანია “სითი პარკის“ მფლობელები დევიდ პილა და ნათან შორერი დედაქალაქის მერიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ.

„თბილისის მერის, ბ-ნი კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკის“ საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სითი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დევიდ პილა და ნათან შორერი აწერენ ხელს.

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა.

პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები