სოციალური მომსახურების სააგენტოსა და “ლიბერთი ბანკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ ხელი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, “ლიბერთი ბანკი”, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.  აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო.

„ლიბერთი ბანკისა” და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო  სექტორისა და სახელმწიფო უწყების  თანამშრომლობის. უკვე მესამე წელია “ლიბერთი ბანკი” მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს  40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და ვიზრუნოთ  ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა “ლიბერთი ბანკს” გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის”,- აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

“ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ – ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით”,- აღნიშნა “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები