„სითი პარკი“ – მერიის გადაწყვეტილება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე

მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის სატელევიზიო გამოსვლით შეიტყვეს.
კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს.
„ასევე, მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისი თქმით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება დემოკრატიული პრინციპებისთვის შეუსაბამოა.
როგორც „სითი პარკში“ აცხადებენ, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს.
„კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის, როგორც უცხოელი ბიზნეს ინვესტორის უფლებებს.
სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე ბიზნეს ურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის. პოლიტიკური განცხადება ასევე იმოქმედებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულაციაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში დასაქმებულთა, საქართველოს მოქალაქეთა უფლებები”, – განაცხადა ლევან ტაბიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები