თბილისის მერიის ხელშეწყობით, დღეს წარმატებულ ემიგრანტ ქალებს დააჯილდოებენ

თბილისის მერიის და პირადად თბილისის მერის, კახა კალაძის მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დღეს, 17:00 საათზე „წარმატებული ემიგრანტი ქალების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მესამე წელია, ყოფილი ემიგრანტისა და იდეის ავტორის, ინა ასანიძის თაოსნობითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით იმართება. ორგანიზატორთა მიზანია, ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ქართველების საზოგადოებისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის წარდგენა და გაცნობა.

როგორც პროექტის ორგანიზატორი – ინა ასანიძე აღნიშნავს, ღონისძიება ეძღვნება მათ, ვინც უცხოეთში საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან და სადაც არიან, იქ ქართულ საქმეს აკეთებენ.

„პროექტის მიზანია, თითოეული მათგანის საქმიანობას იცნობდნენ და აფასებდნენ საკუთარ სამშობლოში. ეს არის ამ ქალბატონების ერთგვარი აღიარებაც და წახალისებაც. პროექტი „წარმატებული ემიგრანტი ქალები“ თბილისის მერის ხელშეწყობით, დღეს დაიხურება, სადაც ქალბატონები იმ დიდი საქმისთვის დაჯილდოვდებიან, რასაც აკეთებენ,“ – აღნიშნა ინა ასანიძემ.

დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან, 7 ქვეყნიდან, შერჩეულია 14 ქალბატონი. ესენი არიან: ელიკო წიკლაური – გერმანია, ნინო ჩეხოშვილი – ამერიკა, ნინო ტაბატაძე – ამერიკა, თამარ სამხარაძე – საბერძნეთი, ლია ხუციშვილი – საბერძნეთი, ლიზი მორი – ისრაელი, ეკატერინე სიხარულიძე – ესპანეთი, მაკა ლომსაძე – უკრაინა, ბელა მახარაძე – გერმანია, შორენა ბარბაქაძე – ამერიკა, მზია ხუცაშვილი – საბერძნეთი, მაია კარიმპიდი – კვიპროსი, თამარ შალამბერიძე – გერმანია და თიკა სვანიძე – ჰოლანდია.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი ქალები“ კვირეული პარლამენტში დაიწყო. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირეძემ მიიღო და საპატიო სიგელები გადასცა​. ქალბატონებს ქალაქ თბილისის საკრებულომ, საქართველოს საპატრიარქომ და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლეს, ასევე, გამრეკელის გალერეაში გაიმართა ემიგრანტი ქალების ნამუშევრების გამოფენა.

ხვალ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დასკვნითი ღონისძიება – ოფიციალური დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან და წარმატებულ ემიგრანტ ქალებს დააჯილდოებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და საქართველოს მოსახლეობა ბევრ ემიგრანტ ქალს გაიცნობს, რომლებიც უცხო მიწაზე ქართულ საქმეს აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები