„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლომ სახელმწიფოს როლანდ ბლადაძის საქმეზე მორიგების ვადები 3 აპრილამდე ხელმეორედ განუსაზღვრა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე საქმის არსებითი განხილვა 2018 წლის 3 აპრილამდე გადაიდო. სასამართლოს გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების წინადადების განხილვაზე მხარეებს შორის კონსულტაციების გაგრძელების დავალება გახდა.

სასამართლოს შეფასებით, პროცესის მონაწილე ყველა მხარისთვის, დავის მორიგებით დასრულება ყველაზე ღირსეული და სამართლიანი გამოსავალია. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ჯერ კიდევ არსებობს დიალოგისა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლომ კვლავ გადადო საქმის არსებითი განხილვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდა, სერიოზული მიდგომები გამოჩენილიყო, როლანდ ბლადაძის სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისად.

სამინისტროს 2018 წლის 19 თებერვლის წერილით, გამოითქვა პოზიცია როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე. მხარეთა შორის შემდგარი შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, დადგინდა, რომ როლანდ ბლადაძეს, ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, სამინისტრო სთავაზობდა 205000 ლარის ღირებულების ალტერნატიულ ფართს. 205000 ლარის ოდენობა დასახელებულ იქნა ქონების ჩამორთმევის პერიოდისთვის, 2004 წლისთვის მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.

როლანდ ბლადაძის მიერ წარდგენილ იქნა ალტერნატიული წინადადებები ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულების დადგენისა და არანაკლებ 277.91 კვ.მ ალტერნატიული ფართის შეძენასთან დაკავშირებით, რაზედაც სამინისტრომ 2018 წლის 9 მარტის სხდომაზე საკითხის ხელმეორედ განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.

2018 წლის 9 მარტს, სასამართლოს დავალების შესაბამისად, როლანდ ბლადაძემ თავის წარმომადგენლებთან ერთად, დამატებითი პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ალტერნატიული ფართის სამართლებრივი მხარე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებდნენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მორიგების ღირსეული, ადეკვატური და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფისთვის, სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის სხდომამდე, მიმართავდნენ ძალისხმევას დავის მორიგებით დასრულებისთვის.

შეხვედრაზე, როლანდ ბლადაძის პოზიციების გათვალისწინებით, მორიგების პროცესში თანამონაწილეობის თაობაზე, სამინისტრომ დაადასტურა გიორგი პაპუაშვილთან შემდგომი ურთიერთობის მზადყოფნის სურვილიც. ამასთან, მორიგების პროცესში გიორგი პაპუაშვილის ჩართულობის სავალდებულო ხასიათზე ისაუბრა სასამართლომ, რაზედაც გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელმა, გოჩა გოგიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შეუძლებელ საკითხად არ მიაჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინების საფუძველზე სამინისტროსთან დაწყებული მორიგების მიმდინარეობაზე, სამინისტროსთან შეხვედრებსა და წინადადებათა განხილვაზე. არჩილ კაიკაციშვილმა იმედგაცრუება გამოხატა სამინისტროს პოზიციების გამო და სასამართლოს მიმართა, საქმის არსებითი განხილვა დაწყებულიყო. სასამართლომ სხდომაზე მცირეხნიანი შესვენება გამოაცხადა. შედეგად, სამინისტროსთან მორიგების წინადადების განხილვის ბოლო ეტაპის მოლაპარაკებებისთვის გადაწყვეტილება მიიღო როლანდ ბლადაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უდასტურებდა სასამართლოს პატივისცემას და იზიარებდა სასამართლოს პოზიციას, დამასრულებელი მოლაპარაკებები გამართულიყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. სასამართლომ მხარეებს მორიგების განხილვისთვის გონივრული ვადა 2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით მისცა.

იმ შემთხვევაში, თუკი პროცესის მონაწილე მხარეებს შორის მორიგება მიუღწეველი აღმოჩნდა, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ არ გაურბის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მხარეების მიმართ მორიგების დავალებების ინიციატივა საქმის გაჭიანურებას არ ემსახურებოდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე, 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, აღნიშნულია შემდეგი:

„საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“.

სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

ცნობისთვის, 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით, არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა, საქმიდან საქმის განმხილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა.

2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა – ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე.

2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით.

სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით, სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეზე მორიგების პირობის წერილობითი ფორმით წარმოდგენა დაევალა.

როლანდ ბლადაძის საქმეზე სხდომა 3 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები