გიორგი მარგველაშვილი: ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს 

ბრიუსელში საქართველოს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან განცხადებები გააკეთეს. დონალდ ტუსკმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს.

საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და ეფექტურ ძალისხმევას, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით დარეგულირდეს.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა ბრიუსელში ჩამოსვლა, რათა განვიხილოთ ჩვენი მომავალი, საერთო გეგმები და ღირებულებები, რომლის მეშვეობითაც წლების განმავლობაში ვცდილობთ უკეთესი ევროპის, უკეთესი სამყაროს აშენებას და აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან და განსაკუთრებით თქვენგან, ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს – ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით და უვიზო მიმოსვლის ფორმატში. რეალურად, ამ გზაზე ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას.

ევროპა გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაკავშირებს არაერთი საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატი, რომლებიც მჯერა, რომ მომავალში უფრო განვითარდება და გაფართოვდება.

მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება განმეხილა ჩემი მთავრობის აქტიური ჩართულობა ყველა იმ საკითხში, რომელიც დაყენებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. იქნება ეს უვიზო გადაადგილება, თუ სხვა საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას ევროპული ფორმატის შესაბამისად.

კერძოდ, უვიზო მიმოსვლის ფორმატში საქართველოს მთავრობამ უკიდურესად აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიჭირა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა წამოჭრეს და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რათა ეს თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო ეფექტიანი, ფუნქციური და ხანგრძლივი.

მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის მწუხარება და ტკივილი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით; სამხედროსი, რომელიც იცავდა გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას,იბრძოდა უფრო მდგრადი და დაცული კაცობრიობისთვის. ის მოკლეს, მისი ცხედარი კი, ამ დრომდე არ გადმოუციათ. ასევე ტყვეობაში არიან საქართველოს სხვა მოქალაქეები.

მე მოვედი აქ, რათა ჩემს მეგობრებს გავუზიარო ეს მწუხარება და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, სიმართლის გარკვევაში დახმარებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის ნუგეშის მიცემისთვის.

ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ვრცელი დღის წესრიგი. დღეს განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მაშ შორის: ეკონომიკის სფერო, განათლება, პოლიტიკური პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თარიღი, რომელსაც ჩემი ერი, სხვა თავისუფალ ქვეყნებთან ერთად, აღნიშნავს –  საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელი, რომელიც 1918 წელს დაარსდა.

ჩვენ, როგორც ერი, გაერთიანებული ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის გარშემო და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუზიარებთ ამ განწყობას ჩვენს მეგობრებს და ვიმედოვნებ, თქვენც.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული ევროპული პროცესის შექმნა საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დონალდ ტუსკმა, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას გააგრძელებს.

„საქართველოსა და ევროკავშირს ძლიერი ურთიერთობები და შესანიშნავი პარტნიორობა აკავშირებს. უვიზო რეჟიმის შემოღება და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა – ჩვენი გასული წლის წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია.

ასოცირების და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” ხელშეკრულებების განხორციელებას ხელშესახები შედეგები მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას;

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს, ამ ხელშეკრულების სათანადო ფუნქციონირება.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერია და ევროკავშირი აფასებს საქართველოს კონსტრუქციულ და აქტიურ მხარდაჭერას, რათა გასული წლის სამიტი წარმატებულად ჩატარებულიყო.

ამ კონტექსტში, ასევე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პრაგმატული წინადადებები ევროკავშირთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მომავალ თვეში, რათა ეს იდეები უფრო კონკრეტული გახდეს.

შეხვედრისას დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარების ერთგული რჩება და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ მცოცავი ანექსიის მცდელობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებში. საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და სამხრეთ ოსეთში ორი სხვა ქართველი პირის დაკავება სევდიანი შეხსენებაა იმ საფასურისა, რომელსაც ამ კონფლიქტით ვიხდით”, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები