„მოზაიკის“ შენობაში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ შენობაში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმ-პედიატრმა განუცხადა.

ექიმ თამარ ყიყიშვილის ინფორმაციით, პაციენტს შემოსვლისთანავე ჩაუტარდა სათანადო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.
„კლინიკაში შემოყვანილია 7 წლის პაციენტი, სიმაღლიდან ვარდნით, პოლიტრავმით. შემოსვლისთანავე ჩაუტარდა სათანადო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები. გამოკვლევების შედეგად სახეზე იყო შუბლის და ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და სახეზეა მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობაც. მდგომარეობა მძიმეა და ამ ეტაპზე უკვე გადავიდა ინტენსიური თერაპიის მიმართულებაში შემდგომი მონიტორინგისთვის.
რა ვადაში შეიძლება გაეწეროს პაციენტი, წინასწარ ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მონიტორინგი. ამ ეტაპზე კონტროლირებადია სიტუაცია, მაგრამ მძიმე“, – განაცხადა ექიმმა.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ კონცერტის მიმდინარეობისას შვიდი წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები