მამუკა არეშიძე: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, არა ექსპერტიზის გამო, არამედ კვალის წაშლის მიზნით ჭიანურდება

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც არეშიძემ „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ცხედრის გადმოცემა კვალის წაშლის მიზნით და, არა ექსპერტიზისთვის საჭირო პროცედურების გამო, ხდება.
„არ მჯერა, რომ მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო პროცედურების გამო ჭიანურდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და ეს თავადაც კარგად იციან. ვთვლი, რომ ეს კვალის წაშლის მოტივით ხდება. ცხადია, დეფაქტო რეჟიმი შეეცდება, რომ ადგილობრივი საზოგადოების სახელითაც ისაუბროს და გადმოცემა კიდევ უფრო გააჭიანუროს, თუმცა ცხადია, ასეთ საკითხებს არ წყვეტს დეფაქტო ხელისუფლება. მათი ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები, როგორც „ჯარი“, ისე სამართალდამცველები, ექვემდებარებიან რუსეთის დირექტივებს და საერთაშორისო სამართლით, ოსური მხარის ქმედებებზე პასუხს აგებს რუსული მხარე – ასე რომ, მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა დეფაქტო რეჟიმი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მოსკოვისთვის დისკომფორტს წარმოადგენს“, -აღნიშნა არეშიძემ.
რაც შეეხება ბიბილოვის განცხადებას, რომ „საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ“, არეშიძემ განაცხადა, რომ საკითხს პოლიტიკური ელფერი თავად დეფაქტო რეჟიმმა მისცა, როცა ტატუნაშვილის დაკავების მოტივი დაასახელა.
„უნდა გავიხსენოთ, რომ ტატუნაშვილის დაპატიმრებისთანავე სწორედ დეფაქტო რეჟიმმა დაიწყო დივერსიაზე საუბარი და ტატუნაშვილს მათ უწოდეს დივერსანტი, რითიც თავად მისცეს ამას პოლიტიკურ სარჩული“, -განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნის მარტივად შესრულება მათ არ შეუძლიათ, რადგან როგორც რუსული მედია ბიბილოვზე დაყრდნობით წერს, ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში.
„ჩვენ გვესმის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაში და ამერიკაში. თქვენ უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. მაგალითისთვის, იგივე საქართველოში სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზას სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას.
რუსული მედიის ცნობით, ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ტატუნაშვილის ცხედრის არ გადაცემაზე არავინ საუბრობს, თუმცა საზოგადოებაში ეს აზრიც არსებობს“.
ჟენევის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დღეს დილით ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები